მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს
Jump to navigation
Jump to search
მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს ავტორი: ტერენტი გრანელი |
მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს
სადღაც გოდებით.
ახლა მთვარეა და თეთრი ღამე
და მოგშორდები.
და შემოდგომის ოქროს ფოთლები
ათოვს ამ აუზს.
ველი მიწისძვრას და ველოდები
მართლა სასწაულს.
ცივი ოქტომბრის დღეა ცამეტი
და ისმის კვნესა.
თვალები ლურჯი და ნაწამები
ხედავს ამ ზეცას.
მიჰქონდა ბედი სევდიან წამებს
სადღაც გოდებით.
ახლა მთვარეა და თეთრი ღამე
და მოგშორდები.