ვარ სხვებთან ასე
Jump to navigation
Jump to search
ვარ სხვებთან ასე ავტორი: ტერენტი გრანელი |
ვარ სხვებთან ასე,
არ მივალ არსად.
და ვხედავ ცაზე
უდიდეს ვარსკვლავს.
ღამე გულს ჭრიდა
და იყო გვიან.
ვიღებ ფანჯრიდან
შემოსულ ნიავს.
ფიქრი და შავი
დღეთა კრებული.
და ვარ ქვასავით
გარინდებული.
მე წავალ მალე,
თუმცა დღეს ვზივარ.
და ორთქლმავალი
კივის ხანგრძლივად.
დღეა ფარული,
და მეც ეს მინდა.
ქრის სიხარული
ისევ ლექსიდან.
მე წავალ ალბათ,
წავალ ხვალ დილას.
და ორთქლმავალმა
კვლავ დაიკივლა.