ეს ოცნება სარკესავით ელავს
Jump to navigation
Jump to search
ეს ოცნება სარკესავით ელავს ავტორი: ტერენტი გრანელი |
ეს ოცნება სარკესავით ელავს,
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს.
ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრების და პოეზიის შუა.
აკეთებენ სადღაც ჩემთვის კუბოს,
ნელა მივალ და გულია ღერძი.
ეს ცხოვრება ტალახია უფრო
და ცხოვრება პოეზიას ებრძვის.
მთაზე ისევ ჩამოწვება ნისლი,
მინას უცებ ჩაუარა ქალმა.
სადღაც ახლა იქ სიმღერა ისმის,
სადღაც ახლა ქეიფია ალბათ.
ეს ოცნება სარკესავით ელავს
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს.
ვიღუპები, არ იქნება შველა,
ცხოვრების და პოეზიის შუა.